Caucasus 2018 winter apnea series championship / Georgia


March 23, 2018 ·   8 comments

პირველად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში!

დადგა ის დღეც, რომელსაც დიდი ხანია ველოდებოდით და რომლის გამოც ასე დიდხანს ვმუშაობდით, ვცდილობდით, ძალებს ვაგროვებდით. დიახ! ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი პირველი ჩემპიონატი - AIDA International - პირველი ჩემპიონატი ფრიდაივერში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. ჩემპიონატი ჩატარდა საერთაშორისო სტატუსით და მასში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებმა- საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთი. ჩემპიონატის, მონაწილეების და შედეგების შესახებ თქვენ გაიგებთ შეჯიბრების ორგანიზატორის Aleksandr Greendaizer-ის და ჩემპიონატის მთავარი მსაჯის Denys Rylov-ის მონაყოლიდან.

ალექსანდრე, მოგვიყევით თუ შეიძლება თუ როგორ ყალიბდებოდა ჩემპიონატის ჩატარების იდეა და თვით შეჯიბრებისთვის მზადების შესახებ?
    Aleksandr :

                                 თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჩემთვის პრიორიტეტულია შეჯიბრების ორგანიზაცია და საქართველოში წყალქვეშა სპორტის პოპულარიზაცია,ზუსტად ამას ემსახურებოდა ის ფაქტიც, რომ 2017 წლის დეკემბერში მე გავიარე AIDA International-ის სამსაჯო კურსები. ამ კურსებს ატარებდა საერთაშორისო კატეგორიის(AI) მსაჯი Radoslav Gaca, რომელიც არის მსოფლიოს ფრიდაივინგის ფედერაციის AIDA International ერთ- ერთი გამოცდილი და პატივცემული არბიტრი, ამასთან ერთად იგი არის პოლონეთის ფრიდაივინგის ფედერაციის პრეზიდენტიც. საქართველოში საკუთარი სამსაჯო და საინსტრუქტორო გუნდის არსებობა არის ფუნდამენტური წინაპირობა წყალქვეშა სპორტის წარმატებით განვითარებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებისა.

    როგორც კი გავიარე სამსაჯო კურსები, დავიწყე შეჯიბრებისთვის მზადება, როგორც ორგანიზატორმა და მსაჯმა. წინასწარ გეტყვით, რომ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება შესაძლებელი გახდა AIDA Ukraine-ის და ასევე ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის(B), პიარის და AIDA International-ის მედია ოფიცრის Denys Rylov-ის დიდი დახმარებით და მხარდაჭერით. ის კურირებდა იმ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა ყველა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც შესაბამისობაში მოიყვანდა შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსთან, აგრეთვე შედეგების ოფიციალურ ანგარიშების AIDA -თვის წარსადგენად და აგრეთვე გახლდათ შეჯიბრების მთავარი მსაჯი. სასტუმროების და აუზების მფლობელებთან დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა ჩემპიონატი Hotel Alpina-ს და Hotel Gudauri Marco Polo-ს ბაზაზე. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე არსებობს აუზი რომელიც ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს STA დისციპლინაში შეჯიბერების ჩატარების ყველა პირობას.


    რატომ გუდაური, თბილისში არ მოიძებნა სათანადო აუზი?
      Aleksandr :

                                   ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. პირველ რიგში, გვინდოდა რომ ჩვენი ჩემპიონატი რაღაცნაირად მრავალმხრივი და გამორჩეული ყოფილიყო. მისი გუდაურში, სამთო სათხილამურო კურორტზე ჩატარება, ქმნიდა ექსტრემალურ ატმოსფეროს არა მხოლოდ იმით, რომ შეიძლებოდა თხილამურებზე სრიალი, ასევე მონაწილეების ამით შევთავაზეთ დამატებითი ფრიდაივერული გამოცდილება, ვინაიდან 2000+ სიმაღლეზე სუნთქვის შეკავება არც ისე ადვილი დავალებაა ადამიანის ფიზიოლოგიისთვის, მე ვიტყოდი, ეს წარმადგენდა მონაწილეების მიერ საკუთარი ორგანიზმის და მისი შესაძლებლობების შესწავლის ახალ საფეხურს. ზოგადად, “Caucasus winter apnea series Championship” მომავალშიც იქნება პოზიციონირებული როგორც ექსტრემალური, ასე ვთქვათ , ექნება საკუთარი ხიბლი. ჩვენ ისე დავგეგმეთ ჩემპიონატის ჩატარების ვადები, რომ სტუმრებს ქონოდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა სპორტულ-გასართობ სეჯიბრებაში „Red Bull Jump and Freeze 2018” , რომელიც იმავე გუდაურში ტარდებოდა ერთი დღით გვიან.




      დენის, მსგავსი შეჯიბრებების ჩატარების თქვენი დიდი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გვაინტერესებს უკვე ჩატარებულ შეჯიბრებაზე და საქართველოს ტერიტორიაზე ფრიდაივერული შეჯიბრებების ორგანიზების პერსპექტივებზე თქვენი აზრი.
        Denis :

                               ფრიდაივინგი აქტიურად ვითარდება მთელს მსოფლიოში. უფრო და უფრო იმატებს მის მიმართ ინტერესი. მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პროგრამაში მისი შეყვანისა. ამ ფონზე, საქართველო, თავისი უმდიდრესი სპორტული ტრადიციებით და არაჩვეულებრივი ადამიანური რესურსებით, აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს უზარმაზარ საერთაშორისო ფრიდაივერულ ოჯახში. მითუმეტეს, რომ ფრიდაივინგი ითვლება ერთ-ერთ გახსნილ და კეთილმოყვარე სპორტის სახეობად სპორტსმენების ურთიერთობების გათვალისწინებით და თუ არა საქართველომ, სტუმრის ასე მოყვარულმა ქვეყანამ, მაშ ვინ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ ღია და თავისუფალ სპორტის სახეობის განვითარებაში? რაც შეეხება ორგანიზაციას, მე მიმაჩნია, რომ ალექსანდრემ შეძლო შეუძლებელი, ვინაიდან ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო ასეთ პატარა დროის განმავლობაში მართლაც რომ ექსტრემალური საერთაშორისო დონის შეჯიბრების პირობებში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შემეტანა ჩემი წვლილი ამ საქმიანობაში და ვყოფილიყავი ამ მოვლენის გარკვეული ნაწილი!


        დენის, როგორც მსაჯი, რას გვეტყოდით შეჯიბრების რეგლამენტის შესახებ?
          Denis :

                                 შეჯიბრება ტარდებოდა AIDA International-ის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით. თითოეულ სპორტსმენს, წილისყრის თანახმად, ეძლეოდა აუზში მოთელვისთვის 45 წუთი და ასევე დრო, რომელიც აუცილებელია ცდისთვის სუნთქვის სტატიკური შეკავების დისციპლინაში. პოპულარულად რომ ვთქვათ, ეს არის დისციპლინა, როდესაც ათლეტები იკავებენ სუნთქვას მაქსიმალური დროის განმავლობაში ერთი ჩასუნთქვით სასუნთქი ორგანოების წყალქვეშა მდგომარეობის დროს. მსაჯების მოვალეობაა მაქსიმალურად ზუსტად დააფიქსირონ დრო სასუნთქი ორგანოების წყალქვეშ აღმოჩენიდან მათ წყლის ზედაპირზე ამოსვლამდე. ასევე უნდა ვაკონტროლებდეთ იმას, რომ სპორტსმენები არსებულ წესებს სათანადო დაიცავენ.


          რაც შეეხება გამარჯვებულებს, რა პრიზები შეხვდათ და რომელი შედეგებისთვის?
            Aleksandr :

                                         რასაკვირველია, ყველა მონაწილისთვის უმთავრესი პრიზია საკუთარ თავზე გამარჯვება თვითშემეცნების მორიგი ნაბიჯისას. გავიმეორებ, რომ მაღალმთიან პირობებში სუნთქვის შეკავება არ არის მარტივი საქმე და წარმოადგენდა აბსოლუტურად ყველა მონაწილისთვის ახალ გამოცდას. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და ფასიანი პრიზებით. ჩემპიონატის ყველა მონაწილეთა შორის აგრეთვე გათამაშდა დამაწყნარებელი პრიზებიც. ზოგიერთს განსაკუთრებით გაუმართლდათ - მარგარიტა პინაშკინამ, მაგალითად, შინ წაიღო ფრიდაივინგის ტივტივა))) ყველა შედეგი შეგიძლიათ იხილოთ STA-ს შემაჯამებელ ოქმში. ყველა მონაწილის შედეგი ჩართულია AIDA -ს საერთაშორისო რეიტინგში.



            კითხვა შეეხება შედეგების ცხრილს, მასში სამი დისკვალიფიკაციაა! ეს რა, მსაჯების განსაკუთრებული კავკასიური, მთის სიმკაცრეა)))თუ მაინც ამაზე გავლენა იქონია შეჯიბრების სირთულემ მაღალმთიან პირობებში?
              Denis :

                                   რასაკვირველია, პირობებმა ძალიან სერიოზული კორექტივები შეიტანა მონაწილეთა შედეგებში, ამ ფაქტორს ყველა აღნიშნავდა. სპორტსმენებისთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებად იქცა და ბევრნი სერიოზულად დაფიქრდნენ მომავალ გეგმებში მაღალმთიან პირობებში ვარჯიშების შეტანის შესახებ. საიდუმლოს გავცემ და გეტყვით, რომ ფრიდაივინგში მსაჯები მონაწილეებზე ზოგერ მაყურებლებზე მეტად განიცდიან და მათთვის სიამაყის ნამდვილ საგანს წარმოადგენს რეკორდები და „სუფთად“ ჩატარებული ცდები.


              Aleksandr :

                                         მომეჩვენა რომ თქვენს შეკითხვაში რაღაც მახე იყო დამალული და გამახსენდა ძველი ანეგდოტი კავკასიისა და წესების შესახებ))):     ახალგაზრდა ყმაწვილი საკუთარი მანქანით მოსკოვიდან კავკასიაში ჩამოვიდა. ერთ ერთ ქალაქში შევიდა, ეძებდა საჭირო ქუჩას. დიდხანს ეძება, თითქმის მიაგნო, იქ კი საგზაო ნიშანია- შესვლა აკრძალულია, გაჩერდა, ჩაფიქრდა. ამ დროს ერთმა მანქანამ, ადგილობრივი ნომრებით, მშვენივრად გაიარა ამ ნიშნის ქვეშ, შემდეგ მეორემ, მესამემ. მიმოიხედა, ვერავინ დაინახა. მანაც გადაწყვიტა გაერა. ის იყო, შეუხვია , ბუჩქებიდან „ გაიშნიკი“ გადმოუხტა, გააჩერა და აჯარიმებს.
              -მოიცა,-ეუბნება ყმაწვილი,- ისინი რატომ არ გააჩერე?
              -მისმინე, „ძვირფასო“, წესები იცი?
              -ვიცი - მიუგო ახალგაზრდამ.
              -აი, ხომ ხედავ? შენ იცი, მათ კი არ იციან...!

              ზოგჯერ მსაჯები ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლებიც ზოგიერთებისთვის საწყენია, კარგად ვიცი ეს, როგორც სპორტსმენმა. მაგრამ მთავარია რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იყოს. მე პირადად, ძალიან მინდოდა თბილისელი სპორტსმენის, დიმა რაქვიაშვილის გამარჯვება, ავღელდი, როდესაც მან წითელი ბარათი მიიღო. მაგრამ, რას ვიზამთ? წესი წესია!



              ახლა კი მომავალ გეგმებზე დავილაპარაკოთ. თუ საიდუმლო არ არის, მომავალი ჩემპიონატი სად და როდის ჩატარდება?
                Aleksandr :

                                           სპორტის განვითარება შეჯიბრების გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს უძლიერესი მოტივატორია მათთვის, ვინც მუდამ ვარჯიშობს და სულ წინსვლაზე ფიქრობს. ამის გარდა, კარგად ჩატარებული შეჯიბრება ყოველთვის იზიდავს ბევრ ძლიერ მონაწილეს და ისინი ხშირად იქცევიან გამოცდილების გაზიარების დიდებულ წყაროდ. გეგმაში გვაქვს მომავალი ჩემპიონატი ჩავატაროთ STA / DNF / DYN სამივე დისციპლინაში და არ შემეშინდება ამის თქმის, ჩატარების ადგილი იქნება ბევრისთვის ნაცნობი და სრულიად უნიკალური მხარე. ეს არის ბორჯომ- ბაკურიანის კურორტი, სადაც შეჯიბრებასთან ერთად ჩვენს მონაწილეებს და სტუმრებს ელოდებათ ძალიან საინტერესო და დატვირთული ღონისძიებების პროგრამა, მაგალითად, 40+ სიღრმის მთის ტბაში ფრიდაივინგი, ცხელი მინერალური წყლის ღია წყაროებში ბანაობა, თხილამურები, სნოუბორდი და კიდევ ბევრი რამ!


                და კიდევ ერთი რამ, განსაკუთრებული მადლობა იმ სპონსორებს, რომლებმაც დააწესეს პრიზები ჩვენი ძვირფასი ათლეტებისთვის. ესენია: შვეიცარული კომპანია Octopus Freediving - მოგვაწოდა ფრიდაივინგისთვის აუცილებელი საჭერები. კანადური კომპანია GTForm - მოგვაწოდა სათვალეები ცურვისთვის, ლაინ იარდები. უკრაინული მწარმოებელი LionFish sub - მოგვაწოდა ფრიდაივინგის ტომრები და ტივტივები.
                იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის მონაწილეებს გავახარებთ ჩვენი სპონსორების და პარტნიორების უფრო მეტი პრიზით და სასიამოვნო სიურპრიზებით! ყველას მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და შეიტანოთ წვლილი საქართველოში საერთაშორისო სპორტის განვითარებაში!



Обсудить на форуме